2014 წლის 14 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელსაც აგრეთვე დაესწრნენ ჟურნალისტები. შეხვედრა გაიმართა პროექტის „მცირე ბიზნესი და მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები: ადვოკატირება გამჭვირვალობისა და მეტი ჩართულობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავდეს რეკომენდაციები და წარედგინოს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეფორმის გატარების მიზნით, რათა ამაღლდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო კომპანიების ინტერნაციონალიზაცია, მათი კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლება, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კომპანიების აქტიურ მონაწილეობაზე სახელმწიფო შესყიდვებში.
ასოციაცია მოუწოდებს კერძო კომპანიებს, ჩაერთონ დიალოგის პროცესში და მოგვაწოდონ თავიანთი შეხედულებები. საქართველოს მთავრობის მზაობა, მოუსმინოს ბიზნესს და გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები, აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული მეწარმეების მიერ.